ყურადღება! 1) სურვილის შემთხვევაში დაგვიკავშირდით მხოლოდ სამუშაო დღეებში 2) ტექსტის თარგმნის ფუნქცია დროებით არ მუშაობს და მომავალში განახლდება

როგორ ავიცილოთ თავიდან ავარია?

01 აპრილი, 2016

როგორ ავიცილოთ თავიდან ავარია? როდის ხდება ავარია?  შეიძლება ეს კითხვები და ჩვენი ზოგიერთი რჩევა ცოტა ბანალურად მოგეჩვენოთ, მაგრამ თუკი ყოველივეს გაითვალისწინებთ, შეძლებთ ავარია თავიდან აიცილოთ.

გირჩევთ:

1) არასდროს არ დაიწყოთ მანევრი იმ იმედით, რომ სხვა მანქანები შესძლებენ გვერდი აგიქციონ, დაგელოდონ, დაგინახონ და არ დაუშვან შეჯახება. გახსოვდეთ, ეს მათ შეიძლება არ მოინდომონ, ყურადღება გაეფანტოთ, დაიბნენ ან უბრალოდ ვერ მიხვდნენ თუ რას აპირებთ. როცა რაიმე მანევრს ასრულებთ, იფიქრეთ იმაზე, რომ ვერავინ შესძლოს თქვენთან შეჯახება, ძალიანაც რომ უნდოდეს.

2) არ დაარღვიოთ მოძრაობის საგზაო წესები მაშინაც, როცა ირგვლივ არც ავტომობილებია, არც პატრული და არც ვიდეოთვალი.

3) არ ეცადოთ “დასაჯოთ” სხვა მძღოლები!

არიან მძღოლები, რომლებსაც გზაზე თავი ყველაზე ჭკვიანად და უფროსად მიაჩნიათ. ისინი ცდილობენ დასაჯონ სხვა მძღოლები, რომლებიც მათი აზრით არასწორად მოძრაობენ. მაგალითად, მძღოლის შესაშინებლად დაეწიონ მანქანას, რომელიც ნელა მოძრაობს და 2-3 მეტრის მანძილზე კუდზე დააჯდნენ, რაც შეიძლება ძალიან ცუდად დასრულდეს. იგივე შეიძლება მოხდეს, როცა დასჯის მიზნით, გზას ჩაუჭრიან.

4) ყოველთვის წინასწარ მოემზადეთ მანევრისთვის. თუ აპირებთ მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევას და მკვეთრად გადადიხართ უკიდურეს რიგში გზაჯვარედინამდე ათ მეტრში, მაშინ მანევრი ძალიან უხეში გამოდის და სხვებს ნორმალურ რეაქციაზე დრო აღარ რჩებათ. მანევრის შესასრულებლად 200-300 მეტრით ადრე მოემზადეთ და წინასწარ მოძებნეთ თავისუფალი ფანჯარა მანქანების გვერდით ნაკადში.

5) გაჩერებულ მანქანას გვერდი აუქციეთ 1.5 – 2 მეტრის დისტანციით. თუ მანქანა თქვენს წინ გაჩერდა, იქიდან სავარაუდოდ ვინმე გადმოვა. ამ ადამიანმა შეიძლება ჯერ კარი გააღოს და მერე დაიწყოს იმის გარკვევა არის თუ არა მის უკან მანქანა.

6) ყოველთვის იყურეთ უკანა ხედვის სარკეში 6-7 წამის ინტერვალით. გარდა იმისა, რომ წინ, გზაზე უნდა ხედავდეთ თუ რა ხდება, ასევე უნდა იცოდეთ რა სიტუაცია მანქანის გარშემო. ხშირად, პატარა ორმოსთვის გვერდის ავლის დროს შეიძლება გვერდით, თავის ზოლში მიმავალ მანქანასთან მოხდეს შეჯახება. ასეთი შეჯახებები ყველა ავარიის თითქმის ნახევარს შეადგენს.

7) ეცადეთ წინასწარ განჭვრიტოთ სხვა მძღოლების მანევრები. მაგალითად, თუ სხვა მანქანა ცდილობს გაგისწროთ, ხოლო წინ მარცხენა რიგში ვინმე გაჩერდა და აპირებს მარცხნივ მოხვევას, გასწრებაზე წასული მანქანის მძღოლი იძულებული იქნება ჩაგიჭრათ გზა. ამიტომ ავარიული სიტუაციის თავიდან ასაცილებლად ან სიჩქარე დააგდეთ და სულწასული მძღოლი გაატარეთ ან სიჩქარეს მოუმატეთ და გასწრების საშუალება არ მისცეთ.

8) ეცადეთ არ მიუახლოვდეთ მისაბმელიან სატვირთო მანქანას, რომელიც უხვევს. სატვირთოს მძღოლი უკან ვერაფერს ხედავს. მოხვევის დროს მძღოლი უკანა ღერძების ბორბლების მობრუნებისთვის, გზის კიდიდან 2-3 მეტრს იტოვებს. უკან მომავალი მანქანა ხშირად ამ თავისუფალ სივრცეს იკავებს და ასეთ შემთხვევაში, როცა სატვირთო უხვევს, ავარია გარდაუვალია.

9) არ დაჯდეთ საჭესთან როცა დაღლილი ან ავად ხართ. მაშინ როცა, ადვილად ვარჩევთ ავად ვართ თუ არა, დაღლილობის ხარისხის განსაზღვრა არც ისე ადვილია. არსებობს მთელი რიგი უტყუარი ნიშნები: მთქნარება, მსუბუქი ძილქუში, ქუთუთოების დამძიმება, კუნთებში სისუსტე. ეს დაღლილობის მსუბუქი ფორმაა. საშუალო ფორმის დაღლილობის დროს იწყება თვალებში ჭრა, პირის სიმშრალე. აგზნება მონაცვლეობს თვლემასთან, რომელსაც ვერ გრძნობთ. გეჩვენებათ, რომ ყველა ავტომობილი ძალიან ნელა მოძრაობს.

ყველა ამ წესის დაცვით, რომლებიც გამოცდილების ზრდასთან ერთად ქვეცნობიერში გადადის, მანქანა თქვენი სხეულის ნაწილად იქცევა და ავარიულ სიტუაციებშიც ნაკლებად ან საერთოდ აღარ მოხვდებით.

  • B1
  • B2
  • B3
  • B4
  • B8