ყურადღება! 1) სურვილის შემთხვევაში დაგვიკავშირდით მხოლოდ სამუშაო დღეებში 2) ტექსტის თარგმნის ფუნქცია დროებით არ მუშაობს და მომავალში განახლდება

რჩევები დამწყებ მძღოლებს

01 აპრილი, 2016

მაშ, ასე: მართვის მოწმობა (prava) აიღეთ და მანქანა (manqanebiგარეთ გელოდებათ. ერთი სული გაქვთ როდის დაძრავთ მას. მაგრამ ნუ იჩქარებთ. დამწყებ მძღოლებს, რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას მოგცემთ, რაც უთუოდ გამოგადგებათ.

პირველი გასვლა ქალაქში

თუ საშუალება გაქვთ, კარგი იქნება თუ რამდენიმე გაკვეთილისთვის ინსტრუქტორს დაიქირავებთ. ან შეგიძლიათ გვერდით მეგობარი დაისვათ. შემდეგ ეტაპზე ის უკანა სავარძელზე გადასვით და სთხოვეთ ჩუმად იყოს. არ გიკარნახოთ, რადგან ქვეცნობიერად მუდამ იმის იმედი გექნებათ, რომ რთულ სიტუაციაში გადაწყვეტილებას თქვენ მაგივრად ის მიიღებს. თუ ეს ეტაპიც წარმატებით დასრულდა, მაგრამ მცირე შიში მაინც რჩება, გირჩევთ, რომ თქვენს მეგობარს სთხოვოთ მანქანით უკან გამოგყვეთ. შემდეგ კი გამოჰკითხეთ თუ რა შეცდომები დაინახა.

კარგი იქნება თუ ერთი კვირის მანძილზე დილის 6 საათზე ადგებით და ცარიელ ქუჩებში 1-2 საათი მარტო ივლით. ამ დროს ნაკლებ სავარაუდოა, რომ რაღაც შეგემთხვეთ. ქუჩები ცარიელია და რამდენიმე მანქანაც ადვილად შესძლებს თქვენ მიერ უნებლიედ შექმნილი ავარიული სიტუაციისთვის თავის არიდებას.

თუ  ერთ ადგილას მუშაობთ და თქვენი სამსახური არ უკავშირდება სხვადასხვა ადგილებში სიარულს, მაშინ შემდეგი ეტაპი იქნება სამსახურამდე ოპტიმალური მარშრუტის შედგენა. კარგად შეისწავლეთ გზა, მისი თავისებურებები. უახლოეს დასვენების დღეს შეეცადეთ ამ არჩეული მარშრუტით წახვიდეთ. არ იღელვოთ იმის გამო, რომ პირველ ხანებში თქვენი გზა მხოლოდ სახლი-სამსახური-სახლი იქნება.  გამოცდილებასთან ერთად იმის აღქმაც მოვა, რომ გზები ერთნაირია და უცხო გზებზეც თავს მშვიდად იგრძნობთ. პირველ ხანებში კი, ახალბედა მძღოლი კომფორტულად მხოლოდ ნაცნობ გზაზე გრძნობს თავს.

დამწყებ მძღოლმა უმჯობესია პირველი გასვლები მგზავრების გარეშე განახორციელოს. მაგრამ თუ მაინც მოგიხდათ მათი ჩასმა, ეცადეთ, რომ მანქანაში ლაპარაკი მინიმუმადე იქნას დაყვანილი. ეს ასევე ეხება ხმამაღალ მუსიკას და მობილური ტელეფონით საუბარს. გავრცელებულია შეხედულება, რომ მუსიკა ამშვიდებს მძღოლს. მიუხედავად ამისა, პირველ ხანებში მუსიკას ნუ ჩართავთ, რომ არ მოდუნდეთ და ყურადღება არ გაგეფანტოთ. გახსოვდეთ: მთელი ყურადღება გზაზე უნდა გქონდეთ გადატანილი!

პარკირება

ახალბედა მძღოლისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული მომენტი პარკირებაა. მთავარია, რომ თქვენი მანქანის გაბარიტები კარგად იგრძნოთ. თავიდან, ეცადეთ, რომ მანქანა ისეთ ავტოსადგომზე არ დააყენოთ, სადაც ადგილი ცოტაა და მანევრირებაც ძნელია. ჯობია მოშორებით, შედარებით თავისუფალი ადგილი მოძებნოთ, თუნდაც რამდენიმე ასეული მეტრის იქით. გახსოვდეთ, დიდი ალბათობა არსებობს იმის, რომ დამწყები მძღოლი სხვა მანქანას გაეხახუნება. ამიტომ ამის რისკი მინიმუმადე უნდა დაიყვანოთ.

იმისთვის, რომ მანქანის გაბარიტები კარგად იგრძნოთ, ივარჯიშეთ შემდეგნაირად: დაიხმარეთ მეგობარი. კედელთან რაც შეიძლება ახლოს გაიარეთ. მეგობარი განიშნებთ, რომ კედლისგან სულ რამდენიმე სანტიმეტრი გაშორებთ. დაიმახსოვრეთ ის ზღვარი, სადაც შეგაჩერათ. შემდეგ შეეცადეთ დამოუკიდებლად კედელს ისევ იმ მანძილზე მიუახლოვდეთ  და ეს რამდენჯერმე გაიმეორეთ. ყოველ ჯერზე გადმოდით მანქანიდან და თავად შეამოწმეთ დაშორება, ნახეთ თუ რამდენად სწორი აღმოჩნდა თქვენი გათვლები. ეს სავარჯიშო მანქანის ყველა კუთხიდან უნდა შეასრულოთ.

საშიში პერიოდი

მანქანაზე დაჯდომიდან დაახლოებით ნახევარი წლის შემდეგ, დამწყები მძღოლის თვითშეფასება მკვეთრად იმატებს. მას ჰგონია, რომ  მანქანას ყველაზე კარგად ატარებს და ყველაზე მეტი იცის. ეს ყველაზე საშიში პერიოდია მძღოლის ჩამოყალიბების პროცესში. სწორედ ამ დროს ხდება ხოლმე ყველაზე სერიოზული ავარიები.

შემდეგ დგება ყველაზე გრძელი მგზავრობის დროც.  განსაკუთრებით ფრთხილად იყავით ტრასებზე გასწრების ე.წ. „აბგონის“ დროს. კარგი იქნება თუ გასწრებას გზის რთულ მონაკვეთებზე საერთოდ თავს აარიდებთ. ტრასაზე მოგებული 5 წუთი შეიძლება ძალიან ძვირად დაგიჯდეთ. თანდათანობით, ამ მანევრს კარგად შეისწავლით და გასწრებასაც უსაფრთხოდ განახორციელებთ.

და ბოლოს, მუდამ ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ. თავიდან, ბუნებრივია შეცდომებს დაუშვებთ, ბევრი დაგისიგნალებთ, ზოგი სამართლიანად, შეიძლება უმიზეზოდაც, მაგრამ მაქსიმალურად ეცადეთ, რომ მათ არ აჰყვეთ. უხეშობით არ უპასუხოთ, არ ჩაებათ დევნაში, გასწრებაში. შემდეგშიც არ დაივიწყოთ, რომ თუ გინდათ გახდეთ  კარგი მძღოლი, სხვა მძღოლებსაც  მოექეცით ისე, როგორც თქვენ გინდათ რომ მოგექცნენ.

წარმატებებს გისურვებთ გზებზე!

  • B1
  • B2
  • B3
  • B4
  • B8